სასამართლო პროცესი

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ფიზიკური და სექსუალური ძალადობის, იძულების და პირადი დოკუმენტის გატაცების ფაქტებზე ბრალდებულ პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სხდომა მოსამართლის გადაწყვეტილებით მედიისთვის დახურული იყო. მოსამართლის განმარტებით საქმიდან იკვეთებოდა, რომ იყო მცდელობა დაზარალებულზე ზემოქმედების, რომ მას ჩვენება შეეცვალა. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ეჭვიანობის ნიადაგზე და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, დაზარალებულზე ფიზიკურად ძალადობდა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით, აიძულებდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას. ასევე, ფიზიკური იძულების გზით, დაზარალებულს წაართვა პასპორტიც.

დანაშაული ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.