სასამართლო პროცესი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად მაისაშვილისა და გურამ როგავას სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და სამივე ბრალდებული პატიმრობაში დარჩა. იქიდან გამომდინარე, რომ სხდომას ერთ-ერთი ბრალდებული არ დასწრებია, პროცესი გადაიდო. პროცესს დაესწრო ერთ-ერთი დაზარალებული, ზვიად მაისაშვილი, რომელიც იქიდან გამომდინარე, რომ მოწმეთა ნუსხაშია, სხდომაზე მის დაკითხვამდე დასწრების საშუალება არ ეძლევა. შეგახსენებთ, რომ ზვიად მაისაშვილისა და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, გდდ-ს სამი თანამშრომელია დაკავებული. სამივე ბრალდებულს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავებიან, ერთს კი – დამატებით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლასაც. პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა. ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი. ორი სპეცრაზმელი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება. წარდგენილი ბრალდებები, 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლევან ხაბეიშვილის საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.