თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე ბრალდების ერთი მოწმე დაიკითხა, რომელიც მურთაზ ზოდელავას დაკავებისას ადგილზე იმყოფებოდა. დაცვის მხარის განცხადებით, დღემდე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით, არ დასტურდება პოლიტიკოსების მიმართ წარდგენილი ბრალდება. დღევანდელ პროცესს მხოლოდ ლევან ხაბეიშვილი ესწრებოდა, რომელმაც სიტყვის უფლებით ისარგებლა. შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილს სახელმწიფო ბრალდება, უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის დაპირებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავება. მურთაზ ზოდელავას კი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდება აქვს წარდგენილი.