სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პრეზიდენტის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. დღესვე დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებაც გადაისინჯა. პროკურორების თქმით, დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს, რადგან ბრალდებულებისგან არსებობს მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები. ადვოკატები კი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ და დაკავებულებისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვდნენ და გირაოს შეფარდებაზე იშუამდგომლეს. მოსამართლემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. დაკავებულებს პროკურატურა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას – ჩადენილს ჯგუფურად და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.