სასამართლო პროცესი

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ცხრა პირის პროცესი დღეს ადვოკატების დასკვნითი სიტყვით განახლდა. ონისე ცხადაძის ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამამართლებელ გარემოებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯგუფური და ორგანიზებული დანაშაულის დამადასტურებელი ვერცერთი მტკიცებულება ბრალდებამ 9 თვის განმავლობაში ვერ წარადგინა. მისივე თქმით, პირიქით, ბრალდების მტკიცებულებებით, ჯგუფური და ორგანიზებული დანაშაული გამოირიცხა, სიცრუე აღმოჩნდა პროკურატურის მტკიცებაც, რომ ონისე ცხადაძე წინასწარ შემუშავებული გეგმით მოქმედებდა. ადვოკატმა საქმის მთავარი გამომძიებლის ჩვენებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ არსენ ხუნაშვილმა დაადასტურა – ბრალდებულებს ერთმანეთთან ნაცნობობაც კი არ აკავშირებდათ. მისივე თქმით, საქმეზე არათუ ჯგუფური ძალადობის, არამედ არც სხვა მუხლით გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი არ არსებობს და ნინო გალუსტაშვილისგან გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა. დასკვნითი სიტყვა თქვა ვალერი თეთრაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამაც, რომელმაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედებაში გამორიცხა და აღნიშნა, რომ მაქსიმუმ საქმე გვქონდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან.