ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ექვსი პირის საქმეზე განაჩენი პირველ სექტემბერს გამოცხადდება. მანამდე, 25 და 27 აგვისტოს ჩანიშნულ სხდომებზე ადვოკატები დასკვნით, ბრალდებულები კი საბოლოო სიტყვას იტყვიან. დღეს ბრალდების მხარე ორსაათნახევრის განმავლობაში ამბობდა დასკვნით სიტყვას და ამტკიცებდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფური ძალადობა ჩაიდინეს და დააზიანეს პოლიციელები. ოთხი მოწმე უნდა დაკითხულიყო, თუმცა ბრალდების მხარემ აღნიშნული მოწმეები უდავო გახადა და აღარ დაიკითხნენ. დღესვე საქმეს მტკიცებულებად სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა დაერთო, რომლის მიხედვითაც, თორნიკე გოშაძის და ირაკლი მიმინოშვილის ვიდეოები მონტაჟის კვალს შეიცავს როგორც წყვეტის, ისე გამოსახულების თვალსაზრისით. ადვოკატების მტკიცებით, ბრალდებამ ვიდეო მტკიცებულება გააყალბა და მიმინოშვილის და გოშაძის კადრს კონტექსტიდან ამოგლეჯილად პოლიციელების კადრი მიაბა, თითქოს ბრალდებულები ნივთებს პოლიციელებისკენ ისროდნენ. დაცვის მხარის თქმით, ეს სიყალბე ექსპერტიზამ დაადასტურა. ადვოკატების თქმით, საქმეში არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს იმაზე, რომ რომელიმე ბრალდებულმა პოლიციელი დააზიანა.