საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, პოლიციელ მირიან ქავთარძეზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება გადაუკვალიფიცირდა.
კერძოდ, საბა სხვიტარიძეს ბრალი ჰქონდა წაყენებული 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ითვალისწინებს 7-დან 11-წლამდე პატიმრობას. აღნიშნული მუხლი მას ახლა 120-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ექვსი თვიდან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ამგვარად, საბა სხვიტარიძის ბრალდებიდან უშუალოდ პოლიციელზე თავდასხმის ნაწილი სრულიად გაუქმდა. პროკურატურის შუამდგომლობა  სასამართლომ დააკმაყოფილა.
მუხლის გადაკვალიფიცირების გამო, დაცვის მხარემ ბრალდებულის პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა და საბა სხვიტარიძე კვლავ პატიმრობაში დატოვა. შეგახსენებთ, რომ  სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად, სამართალდამცველმა ქავთარაძემ ფიზიკური დაზიანება თავის არეში მიიღო. ამასთან, საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს საბა სხვიტარიძეს. ის სამართალდამცველების მხრიდან დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის რამდენიმე ეტაპზე საუბრობს.