კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრს, საბა სხვიტარიძეს, რომელიც პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში იყო ბრალდებული, ბრალდება გადაუკვალიფიცირდა. უფრო კონკრეტულად, საბა სხვიტარიძეს ბრალი ჰქონდა წაყენებული 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი მას ახლა 120-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც ზოგადად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და 6 თვიდან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორის თქმით, საბა სხვიტარიძემ არ იცოდა, რომ მირიან ქავთარაძე პოლიციელი იყო. მუხლის გადაკვალიფიცირების გამო, დაცვის მხარემ ბრალდებული პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა და საბა სხვიტარიძე კვლავ პატიმრობაში რჩება. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად, სამართალდამცველმა ქავთარაძემ ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი. ამასთან, შეგახსენებთ, რომ სხვიტარიძეს საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს. ის სამართალდამცველების მხრიდან დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის რამდენიმე ეტაპზე საუბრობს. მორიგი პროცესი 26 აგვისტოს 11 საათზე ჩაინიშნა.