სასამართლო პროცესი

საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ანატოლი გიგაურის საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის ბოლო მოწმე, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დაკითხა. რამიშვილის ჩვენების მიხედვით, მან გაიგო ფრაზა, რომელსაც გიგაური პოლიციელების მისამართით ამბობდა. ამასთან, დაინახა, გიგაურის მიერ მოქნეული ხელი, თუმცა მოხვდა თუ არა პოლიციელს ხელი, მას არ დაუნახავს. მისი შეფასებით, გიგაურის ქმედება პოლიციელის მიმართ უფრო ხელით მოშორებას ჰგავდა. მომდევნო სხდომაზე მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც სავარაუდოდ თავად ბრალდებულიც ისარგებლებს საბოლოო სიტყვის უფლებით.

შეგახსენებთ, ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.