სასამართლო გრიგოლ ვაშაძის სარჩელზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს

თბილისის საქალაქო სასამართლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სარჩელზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. საქმე ეხება ცესკო-ს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” სახელით მიიღებს მონაწილეობას.

ოპოზიცია ითხოვს, ბიულეტენში “ნაციონალური მოძრაობის” ნაცვლად, მიეთითოს გაერთიანებული ოპოზიცია. მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ თავდაპირველად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მიმართა განცხადებით, როდესაც თვითმმართველობისა და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატი დაარეგისტრირა.

როგორც გუშინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა, თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობას“ სახელის შეცვლის მოთხოვნა დაუკმაყოფილდა, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სუბიექტის სახელის ცვლილების საშუალებას საარჩევნო კოდექსი არ იძლევა.