თბილისის მერი გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.
რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთს ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, გზის სავალი ნაწილი და განხორციელდა ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია. გმირთა მოედანი აღიჭურვა უახლესი თაობის, ხელოვნური ინტელექტის სისტემაზე დაფუძნებული შუქნიშნებით, რომლებიც რეალურ დროში აკონტროლებენ სატრანსპორტო ნაკადებს და ავტომატურად არეგულირებენ შუქნიშნის ფაზებს. ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე მოეწყო საფეხმავლო გადასასვლელი. გარდა ამისა, გამოიყო დამატებითი საავტომობილო ზოლი. პროექტის ფარგლებში, ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც.