სარეაბილიტაციო სამუშაოები

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის მიმართულებით დაახლოებით შვიდკილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის სამშენებლო სამობილიზაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ადგილზე გაეცნო. სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით შვიდკილომეტრიან მონაკვეთზე განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის კომპლექსური მოწესრიგება. ამასთან, უკვე დასრულდა ქალაქ მცხეთის შესასვლელში, მდინარე მტკვარზე ახალი თაღოვანი ხიდის მშენებლობა. ახალი ხიდი აშენდა იმ მონაკვეთზე, სადაც 1926 წელს აგებული ხიდი ფუნქციონირებდა და ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე დატვირთვებს.

მცხეთაში ინფრასტრუქტურის განვითარება ასევე მოიცავს ურბანული გარემოს გაუმჯობესებას – ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწყებს თეატრონის მიმდებარედ, მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირებას. პროექტი ითვალისწინებს რეკრეაციული, სპორტული და საბავშვო სივრცეების, ასევე საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას. ვინაიდან ტერიტორია მოქცეულია იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ბუფერულ ზონაში, პროექტი განხორციელდება შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით და საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით.