სარჩელი სტრასბურგში – იუსტიციის სამინისტროს განმარტება
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე 11 ფიზიკური პირისა და საია-ს სარჩელებთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტრო კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სასამართლომ კითხვებით მომართა როგორც სახელმწიფოს, ასევე მოსარჩელეებს. ბექა ძამაშვილის ინფორმაციით, სასამართლო დაინტერესდა, რამდენად არსებობს მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ხმის უფლების ფარულობა ნამდვილად იყო დარღვეული. ევროსასამართლოს ასევე აინტერესებს, რამდენად შეიძლება ირღვეოდეს საარჩევნო უფლება იმის გამო, რომ სახელმწიფო არ ხსნის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე უფრო მეტ უბანს. სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა დაიწყო, თუმცა, უარი თქვა დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე, შეეჩერებინა კენჭისყრის შედეგები, რასაც ინდივიდუალური სარჩელების ავტორები ითხოვდნენ. სტრასბურგიდან კიდევ ერთი უარი საჩივრების ავტორებმა პროცესის დაჩქარებაზე მიიღეს. არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების სწრაფად განხილვა სასამართლომ საჭიროდ არ ჩათვალა. სტრასბურგი ყველა მხარისგან მტკიცებულებებს ითხოვს.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განსახილველი სარჩელები კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. საჩივრებთან დაკავშირებით, სადაც ავტორები ხმის ფარულობის უფლების დარღვევაზე დავობენ, ოპოზიციის ნაწილი ოპტიმისტურად არის განწყობილი. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ სტრასბურგის სასამართლო არჩევნების თემაზე ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის სპეკულაციებს დაასრულებს.