სარჩელი სააპელაციო სასამართლოში

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ნატალია ოლიჩოვას ადვოკატი გირაოს შეფარდებას ახლა უკვე სააპელაციო სასამართლოსგან ითხოვს. ადვოკატმა მეორე ინსტანციას საჩივრით უკვე მიმართა. დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და ამ დოკუმენტების გვერდის ავლით, საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება. ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, სხვა ქვეყნებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც გამოძიებას წარედგინა.