ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი 22 000 კვ. ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობების გიული ალასანიასთვის გადაცემასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს უნივერსიტეტის მოქმედი რექტორი, დავით გურგენიძე. მან სარჩელით მიმართა გენერალურ პროკურატურას და აღნიშნული ქონების დაყადაღება მოითხოვა. დავით გურგენიძის თქმით, ასევე დასადგენია, თუ რა ზიანი მიადგა უნივერსიტეტს ამ წლების განმავლობაში და ეს თანხა უნდა დაუბრუნდეს სტუდენტებს. მისივე განმარტებით, ტერიტორიის უკანონოდ მიტაცება რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, 2008 წელს კი, საბოლოოდ გაფორმდა. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, რომ გიული ალასანიასთვის ტერიტორიების გადაცემის დროს, უნივერსიტეტის სანაცვლოდ არც ერთი ლარი არ მიუღია.
გიული ალასანიასთვის ტექნიკური უნივერსიტეტის გადაცემის საკითხს და ახალ სარჩელს, რომელიც პროკურატურაში წარადგინეს, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.