უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა სარაკეტო დარტყმა მიიტანა ქალაქ სუმიზე. დაიღუპა 32 და დაშავდა 99 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვია. დაღუპულების უმეტესობა სამოქალაქო პირია. ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. ადგილობრივი მთავრობა იუწყება, რომ რუსეთმა იერიშის დროს ორი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებსა და ევროპას მკაცრი რეაქციისკენ მოუწოდა. „აგრესორზე ზეწოლის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია. ლაპარაკს არასდროს შეუჩერებია ბალისტიკური რაკეტები და საავიაციო ბომბები. საჭიროა რუსეთის მიმართ ისეთი დამოკიდებულება, როგორსაც ტერორისტი იმსახურებს“ – აღნიშნა ზელენსკიმ.