საქართველოში ყველაზე დიდი დინო პარკი გაიხსნება
საქართველოში ყველაზე დიდი დინო პარკი, „დინოტოპია“ გაიხსნება, რომელიც შეკვეთილში, „ციცინათელას პარკის“ მიმდებარედ განთავსდება და იქნება თანამედროვე შემეცნებით-გასართობი სივრცე ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის და შავი ზღვისპირეთის დამსვენებლებისთვის. ეს კიდევ ერთი სიახლეა Starring Georgia-ს ეკოსისტემაში. ამ მიზნით საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა“ და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის შეთანხმება შედგა. ოზურგეთში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შპს „აკვა ცენტრისგან” შეიძინა ფონდმა „ქართუმ“ და იგი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. ეს ტერიტორია არსებულ გასართობ სივრცეს შეუერთდება. შედეგად კი, შეიქმნება ერთიანი, მასშტაბური ტურისტული კომპლექსი.