საქართველოში ვაქცინაციის დაწყება მარტის ბოლოს იგეგმება

სატელეფონო ზარი, რომელსაც მთელი ქვეყანა ელოდა. შეცვლილი თარიღი ცნობილია: საქართველო „კოვაქს-პლატფორმიდან“ „ფაიზერის“ ვაქცინის პირველ ნაკადს 22 მარტიდან მიიღებს.

საუბარია 30 000-მდე დოზაზე, რომლითაც სამედიცინო პერსონალის 15 000 წარმომადგენელი უნდა აცრან. იგივე დრო სახელდება „ასტრაზენეკას“ შემთხვევაშიც. პირველ ეტაპზე, ანუ 22 მარტიდან „ასტრაზენეკას“ 129 000 დოზის მიღებაა დაანონსებული. ახალი თარიღი „კოვაქს პლატფორმასთან“ სატელეფონო საუბრის დროს დაზუსტდა. თუმცა, გაუგებარი დარჩა ვაქცინების დაგვიანებით მოწოდების მიზეზი. როგორც ირკვევა, „კოვაქსის“ გარდა ჯანდაცვის სამინისტრო დღეს კომპანია „ფაიზერის“ სათაო ოფისსაც ესაუბრა, რომელმაც ვაქცინების შესანახ ადგილებზე დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა.

თებერვლის ნაცვლად მარტის ბოლოს მისაღები დოზები მოსახლეობის მხოლოდ 4%-მდე ნაწილს მოიცავს. ამიტომ, შეზღუდვების გაუქმების ფონზე, ეპიდემიოლოგები მესამე ტალღის საშიშროებაზე საუბარს ააქტიურებენ.