საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლიდან 1700 წლის აღნიშვნა იწყება

21:01, 01.06.2026

მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც სახელმწიფოებრიობის გაძლიერების საფუძველი გახდა. საქართველო ქვეყნის ისტორიაში განსაკუთრებული და გამორჩეული თარიღის აღნიშვნას იწყებს – 1 700 წელი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. ადგილს, საიდანაც დღეს ისტორიული მოვლენის აღნიშვნა დაიწყო, სიმბოლური დატვირთვა აქვს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური დღეს ჯავახეთში ჩავიდა – იქ, სადაც 1 700 წლის წინ განსაკუთრებული მისიით, ქრისტიანობის საქადაგებლად და გასავრცელებლად ჩამოსული მოციქულთასწორი და ქართველთა განმანათლებელი, წმინდა ნინო შემოვიდა და სწორედ იქიდან გამოემართა მცხეთისკენ. მისი შემოსვლით დაიწყო ქრისტიანობის გავრცელება ქვეყანაში, სადაც ხალხის ნაწილი კერპებს ეთაყვანებოდა. ისტორიული მისია ხალხის ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევით დასრულდა – 326 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. პატრიარქის ქადაგება ფოკის მონასტრიდან, წმინდა ნინოს გზა, რომელსაც მომლოცველები წელსაც გაივლიან და ისტორიული თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები – სადღესასწაულო პროგრამა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და 14 ოქტომბერს დასრულდება.

მსგავსი