საქართველოში ოპერირებას ავიაკომპანია Norwegian-ი იწყებს
საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია გამოჩნდა. ნორვეგიის ყველაზე დიდი და სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian-მა პირველი რეისი უკვე შეასრულა. საინაუგურაციო ფრენას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი დახვდა. დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის რეისს კვირაში ორჯერ შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 5 თვის განმავლობაში საქართველოსა და ევროპას შორის, 952 ათას 480 მგზავრი დაფიქსირდა, რაც 2025 წლის წლის მონაცემებს 18 პროცენტით აღემატება. მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკურ პერიოდში კი საქართველოსა და ევროპას შორის ფრენები 46 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 170-175 სიხშირით განხორციელდება.