საქართველოში მასობრივი იმუნიზაცია იწყება

საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია „ფაიზერის“ გარეშე იწყება.

500 000 ადამიანისთვის საკმარისი ჩინური ვაქცინები უკვე ქვეყანაშია, თუმცა ამერიკულ-გერმანული წარმოების „ფაიზერის“ შემოსვლის ზუსტი თარიღი კვლავ გაურკვეველი რჩება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული მილიონი დოზის მოწოდება მიმდინარე თვიდან დაიწყება და პროცესი ეტაპობრივად წარიმართება. რაც შეეხება ჩინურ ვაქცინებს, ქვეყანამ „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ჯამში მილიონი დოზა მიიღო, თუმცა პირველ ეტაპზე მხოლოდ „სინოფარმის“ გამოყენება იგეგმება. იმის გამო, რომ წინა თვეებში რეგისტრაციის დროს ადგილების დაჯავშნის კუთხით არაერთი ხარვეზი და პრობლემა გამოიკვეთა, ამჯერად ასაცრელი პუნქტების და სამედიცინო ბრიგადების რაოდენობის გაზრდა და სამუშაო დროის გახანგრძლივებაა დაანონსებული. კორონავირუსის ინდური შტამის აქტიური გავრცელების და ყველა შეზღუდვის მოხსნის ფონზე, მეოთხე ტალღის თავიდან აცილების გზა სწორედ ვაქცინაციის ტემპების დაჩქარებაზე გადის.