საქართველოში გლოვის დღეა

საქართველოში, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. ქვეყანა შატილის გზაზე ტრაგიკული ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპულებს გლოვობს.

17 დაღუპული, მათ შორის ერთი უცხოეთის მოქალაქე. ხევსურეთში ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლის ხევში გადავარდა.

გლოვის დღედ 25 აგვისტოს გამოცხადების შესახებ განკარგულებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი გუშინ მოაწერა. სახელმწიფო დროშები დაშვებულია საზღვარგარეთ, საქართველოს ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობაზე.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის დროშა დაუშვა.  „ევროკავშირის დროშა დაშვებულია, რადგან კვირას შატილის გზაზე ტრაგიკულად დაღუპულებს ვგლოვობთ. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებსა და მეგობრებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაზარალებულებს“, – აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში. ტრაგიკულ შემთხვევას ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ეხმაურება. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს მოსახლეობასა და მთავრობას სამძიმარს უცხადებს.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელიც. დაღუპულთა ოჯახებსა და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს საქართველოში ნორვეგიის საელჩო. სამძიმრის წერილი გაავრცელა სომხეთის პრემიერ -მინისტრმა.

ქართველ ხალხსა და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც.