საქართველოში გერმანიის ელჩი კვლავ საპროტესტო აქციაზე მივიდა

ოფიციალური თბილისი გერმანიის ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვს.

ბერლინში საკონსულტაციოდ გაწვეული და ცოტა ხნის წინ უკან დაბრუნებული ელჩის ქმედებამ „ქართული ოცნების“ რიტორიკა კიდევ უფრო გაამწვავა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის ერთ-ერთ მონაწილესთან გადაღებულ ფოტოს დიპლომატის მიმართ ახალი ბრალდებები მოჰყვა. საქართველოში ჩამოსვლიდან ერთ კვირაში გერმანიის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ანტისამთავრობო აქციაზე მივიდა და, თუ მასთან ერთად კადრში მოხვედრილი აქტივისტის კომენტარს დავეყრდნობით, დემონსტრანტებს სოლიდარობაც გამოუცხადა. მმართველ გუნდს აინტერესებს, რა დავალებით და გზავნილებით დააბრუნეს გერმანიიდან საქართველოში ელჩი, რომელიც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში არაერთხელ დაადანაშაულეს და გაწვევამდე საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაიბარეს. საკონსულტაციოდ გაწვევის შემდეგ ქართულ მხარეს ახალი ელჩის გამოგზავნის და საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობის გადატვირთვის იმედი ჰქონდა, ამ პროგნოზს „ქართულ ოცნებას“ გერმანიის ბუნდესტაგიდან სწორედ ფიშერის საქმიანობის გარშემო გერმანიის საგარეო უწყებისთვის გაგზავნილი კითხვებიც შინაარსიც ამყარებდა, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა.