საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობის განცხადება

„გაერო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანის გამო“, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „მივიჩნევთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ უმნიშვნელოვანეს წვლილს საქართველოს დემოკრატიისა და მთლიანად საზოგადოების განვითარებაში. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არსებით მხარდაჭერას უწევენ საზოგადოების ყველაზე დაუცველ ჯგუფებს და იცავენ მათ უფლებებს. სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის სტიგმატიზაციამ, შესაძლოა, სათანადო დახმარების გარეშე დატოვოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დევნილები, უმცირესობათა წარმომადგენლები, ხანდაზმულები, ქალები, ახალგაზრდები, ბავშვები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები და სხვა ადამიანები, რომელთაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდებათ.”- ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობის განცხადებით, ორგანიზაცია გამოთქვამს წუხილს, რომ საქართველოს პარლამენტმა გამოიყენა დაჩქარებული პროცედურა სავალდებულო საარჩევნო გენდერული კვოტების გასაუქმებლად. „მისი გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯია გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა ღონე იხმაროს იმ ქმედებათა თავიდან ასაცილებლად, რომლებიც შეაფერხებს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.