საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა

მაჩვენებელი, რომელმაც ყველა მძიმე პროგნოზს გადააჭარბა. საქართველოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა დღიური მონაცემი 1 000-ს მიუახლოვდა. 919 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე მეტს სიმპტომები აღენიშნება. გუშინ ღამის 12 საათის შემდეგ კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა. მათ შორის ერთი 41 წლის ქალია, რომელიც „კოვიდ“-სასტუმროში მკურნალობდა და შესაბამისად, უსიმპტომო იყო.

ვირუსი სწრაფად ვრცელდება ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. მცირე დაღმასვლის შემდეგ ისევ მატების ტენდენციაა აჭარაში, თუმცა ყველაზე საყურადღებო ზონა ახლა თბილისია, რის გამოც დედაქალაქში „კოვიდ“-კლინიკების რაოდენობას ზრდიან.

იზრდება „კოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული   სპეციალისტების რაოდენობაც. მკურნალობაში   სადაზღვევო სექტორის პროვაიდერი კლინიკების ოჯახის ექიმებიც ჩაერთვებიან. მედიკოსები დისტანციურად მოემსახურებიან დაზღვეულ პაციენტთა იმ ნაწილს, ვისაც  ჰოსპიტალში მკურნალობა არ სჭირდება. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში 4000-მდე, ხოლო „კოვიდ“-სასტუმროებში  3900 საწოლია მობილიზებული.

მთავრობაში უახლოეს დღეებში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ოთხნიშნა მაჩვენებელს პროგნოზირებენ.