დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადება განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. მას „ნაციონალური მოძრაობა“ საყურადღებოს უწოდებს და არჩევნებში ეუთო/ოდირის მისიის არმოწვევას აკრიტიკებს. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ ეუთო/ოდირისთვის თვითმმართველობის არჩევნები არ წარმოადგენს პრიორიტეტს, უშუალოდ დამკვირვებლებს რაც შეეხება, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი დამკვირვებლებიც იქნებიან წარმოდგენილი. დიდი ბრიტანეთის საელჩო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია მუნიციპალურ არჩევნებზე და გაითვალისწინოს მათი ყველა რეკომენდაცია. დიპლომატიური მისია ეხმაურება გრანტების საკითხსაც და აცხადებს, რომ დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ერთობლივ ვალდებულებას, გააძლიერონ დემოკრატიული პრინციპები და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების როლს ორმხრივ თანამშრომლობაში.