საქართველოს წინააღმდეგ ბრალდებებს მმართველი გუნდი პასუხობს

სანქციებისთვის შესაძლო გვერდის ავლის კონტექსტში საქართველოს კიდევ ერთხელ ახსენებენ.

უკრაინელი მაღალჩინოსნების შემდეგ ამჯერად ქვეყნის რეპუტაციისთვის დამაზიანებელ გზავნილს „სიენენის“ ცნობილი წამყვანი აჟღერებს. ევროკომისიის პრეზიდენტისთვის დასმული შეკითხვის შინაარსს ოფიციალური თბილისის უმწვავესი რეაქცია მოჰყვა. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ექსპორტის სტატისტიკას აქვეყნებს იმის დასადასტურებლად, რომ რუსეთში საქართველოს გავლით სანქცირებული პროდუქცია არ შედის. თებერვლის შემდეგ გამკაცრებულ საბაჟო და ფინანსურ კონტროლთან ერთად ხელისუფლება კიდევ ერთ არგუმენტად რუსეთში ექსპორტის ზრდის დაბალ მაჩვენებელს ასახელებს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე „სიენენს“ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ცნობილ მედია-საშუალებას საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმდინარე მასშტაბური კოორდინაციის ნაწილად მიიჩნევს. განცხადების ეს ნაწილი შიდა პოლიტიკურ წრეებში ვნებათაღელვის საგანი ხდება. სანქციებთან დაკავშირებული ბრალდება და ირაკლი კობახიძის დღევანდელი პასუხი ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავების მიზეზი ხდება მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორისაც.