„საქართველოს ვარსკვლავი“ პირველ არხზე

დღეს პირველი არხის მაყურებელი “საქართველოს ვარსკვლავის” ახალ მონაწილეებს გაიცნობს. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული მეგაპროექტის ქართული ანალოგის მეორე ეპიზოდი ეთერში 22:00 საათზე გავა, მანამდე კი პროექტის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ცნობილი სიმღერები შეასრულეს.

კონკურსანტებმა კასტინგების მეორე სერიის ეთერში გასვლა ამ ფორმით დააანონსეს. “საქართველოს ვარსკვლავს” ის საპროდიუსერო ჯგუფი ქმნის, რომელიც წლების განმავლობაში მაყურებელს ყველაზე რეიტინგულ და პოპულარულ შოუებს სთავაზობს. 5 იანვრიდან დღემდე “საქართველოს ვარსკვლავს” სოციალურ ქსელში სამ მილიონამდე ნახვა აქვს.

პირველი არხი წელს სწორედ “საქართველოს ვარსკვლავის” მეშვეობით შეარჩევს ევროვიზია 2019-ის კონკურსანტს, რომელიც ჩვენს ქვეყანას მაისში, ისრაელში ევროფესტივალზე წარადგენს. შესაბამისად, “საქართველოს ვარსკვლავის” მიმართ დიდია უცხოური მედიის დაინტერესებაც. “საქართველოს ვარსკვლავის” გამოვლენაში გადამწყვეტი მაყურებლის ხმა იქნება. ხმის მიცემა კი ფეისბუქმესინჯერის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. პარალელურად, მიმდინარეობს კონკურსი კომპოზიტორთათვის, საუკეთესო სიმღერა, რომელსაც მაყურებელი შეარჩევს, უკვე ევროვიზიაზე, მეგაპროექტ “საქართველოს ვარსკვლავის” გამარჯვებულის მიერ აჟღერდება.