"საქართველოს ვარსკვლავის" პირველი ლაივშოუს დაწყებამდე დაახლოებით ნახევარი საათი რჩება
“საქართველოს ვარსკვლავი” – პირველი ლაივშოუს დაწყებამდე დაახლოებით ნახევარი საათი რჩება. ქასთინგების შედეგად შერჩეული ათი კონკურსანტიდან ფინალში ოთხი საუკეთესო დარჩება. დღეს პროექტს ორი მონაწილე დატოვებს. მაყურებელს საკუთარი ფავორიტის მხარდაჭერა ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებებით შეუძლია.
გარდა ამისა, პირველად ქართული მეგაშოუების ისტორიაში, ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება ფეისბუქმესენჯერის საშუალებით, უსასყიდლოდ, 12 საათში ერთხელ. თბილისის საკონცერტო დარბაზიდან მარიკა შალიკაშვილს ჩავრთავთ – როგორია კონკურსანტების განწყობა და რა ხდება დარბაზში.
25 იანვარს, 12:00 საათიდან „საქართველოს ვარსკვლავის“ კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა დაიწყო.
ხმის მიცემა „ფეისბუქის“ საშუალებით, უფასოდ, 12 საათში ერთხელ შეგეძლებათ.
ხმის მიცემის წესი შემდეგია:
კომპიუტერით, სმარტფონით ან პლანშეტით უნდა შეხვიდეთ „ფეისბუქზე“, მოძებნოთ „საქართველოს ვარსკვლავის“ ოფიციალური ვერიფიცირებული გვერდი, უნდა გახსნათ „მესინჯერი“ და კონკურსანტების ჩამონათვალში მონიშნოთ თქვენი ფავორიტი კონკურსანტის სახელი და გვარი, შემდეგ დააჭიროთ „ხმის მიცემას“ და თქვენი ხმა მიღებულია.
თქვენს რჩეულს მინიჭებულ ნომერზე შეგიძლიათ დაურეკოთ ან დაუმესიჯოთ „ჯეოსელისა“ და „მაგთის“ აბონენტებმა შეუზღუდავი რაოდენობით. ზარის ღირებულება 50 თეთრია.
პირველ ტურში პროექტს დატოვებს ორი კონკურსანტი, ვისაც ხმების ყველაზე ნაკლები რაოდენობა დაუგროვდება.
ხმების დათვლისას ჯამდება თითოეული კონკურსანტის ზარები, მოკლე ტექსტური შეტყობინება და „ფეისბუქით“ მიღებული ხმები. თითოეულ მიღებულ ხმას აქვს ერთი და იგივე ძალა.
მუსიკალური მეგაშოუს „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალური ათეული ცნობილია.
კონკურსის მთავარი პრიზისთვის, „ევროვიზიის საგზურისთვის“ ოთო ნემსაძე, გიორგი ნაკაშიძე, ნინი ცნობილაძე, მარიამ კახელიშვილი, იკაკო ალექსიძე, თამარ ლაჭყეპიანი, დიმა კობეშავიძე, ლიზა კალანდაძე, გიორგი ფრუიძე და ბესო ნემსაძე იბრძოლებენ.
ლაივშოუები თბილისის საკონცერტო დარბაზში 26 იანვრიდან გაიმართება.