საქართველოს თავდაცვის მინისტრი რუმინეთს ეწვია - რა საკითხები განიხილეს მხარეებმა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, წელს პირველი ოფიციალური ვიზიტით, რუმინეთს ეწვია. ლევან იზორიას რუმინელმა კოლეგამ უმასპინძლა. რუმინეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს, რომელიც გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე მიჰაი-ვიორელ ფიფორმა ხაზი გაუსვა რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. საუბარი შეეხო მრავალეროვნულ სწავლებებში რუმინელი და ქართველი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობასაც.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებმა ხელი ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს, რომელიც თანამშრომლობის უფრო მაღალ ხარისხში აყვანას ითვალისწინებს.