ლევან იზორია - არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდება, რადგან ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას
ლევან იზორია - არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდება, რადგან ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას

თითოეული ქართველის და არა მხოლოდ მთავრობის რწმენაა, რომ არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდება, რადგან ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გრიგორი კარასინის განცხადებებზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც იზორიამ აღნიშნა, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს აფხაზებთან და ოსებთან ერთად ჩრდილო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებას.

“ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული თემა, სუვერენიტეტის დაცვა და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ კიდევ ერთხელ, მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობით, ამ პოლიტიკას ურყევად გავაგრძელებთ “, – განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, ქმედებებს, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ქვეყნის ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით, გმობენ არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა და მოქალაქეები, არამედ საერთაშორისო საზოგადოება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ქართველი პარტნიორები უნდა მოერიდონ ილუზიას, რომ ურთიერთობების ნორმალიზება შეასუსტებს რუსეთის თანამშრომლობას აფხაზეთთან და ცხინვალთან.