საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა

ამერიკის თავდაცვის მდივნისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრა შეერთებულ შტატებში. მხარეებმა გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციასა და იმ ქმედებებზე, რაც აზიანებს საერთაშორისო წესრიგს. აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში. ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის მხარეს მადლობა გადაუხადა უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული, წარმატებული და მზარდი თანამშრომლობისთვის, რაც საქართველოს, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ქვეყნის მდგრადობის განმტკიცებას ემსახურება. მისი განცხადებით, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა კიდევ უფრო სამაგალითოდ ხდის პარტნიორობას და ხელს უწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას როგორც ქვეყანაში, ასევე შავი ზღვის რეგიონში.

ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზეც იმყოფებოდა და გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი. დაგეგმილია შეხვედრა შეერთებული შტატების ეროვნული გვარდიის ბიუროშიც.