საქართველოს შესახებ ანგარიში ევროპარლამენტში

 პოლიტიკური შეფასებების თემაა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მორიგი ანგარიში. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ანგარიშის პროექტი შესწორებებით დაამტკიცა. პროექტს, ისევე როგორც ევროპარლამენტის რეზოლუციებს და ანგარიშებს ნულოვანი პოლიტიკური ძალის მქონეს უწოდებენ მმართველ გუნდში, ოპოზიცია კი ანგარიშს დადებითად აფასებს და განმარტავს, რომ ეს კიდევ ერთი ხაზგასმაა იმის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დასავლელი პარტნიორებისთვისაც არალეგიტიმურია.

პროექტში ნათქვამია, რომ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მიღების შედეგად, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. ასევე გამოხატულია მხარდაჭერა იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც რამდენიმე თვეა, საპროტესტო აქციებს აწყობენ. დოკუმენტში არის მოწოდება პერსონალური სანქციებისკენ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და კომპანიების აქტივების გაყინვას ეხება. საქართველოში არსებული კრიზისის დაძლევის მთავარ გზად დასახელებულია ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. ევროდეპუტატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც მოითხოვენ და ამბობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე გადამწყვეტი როლი ჰქონდა.