საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

15:03, 02.05.2026

საქართველოს საპატრიარქო ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება. „სამწუხაროდ, ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ჩვენი ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ წმინდა სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა. კარგად ვხედავთ, რომ ამ მოჩვენებითი ქომაგობითა და ზღვარსგადასული ინტერესით, პირიქით და ირიბად ცდილობენ, დააკნინონ ჩვენი პატივცემული მღვდელმთავრების ღირსება. ამ კონტექსტში საზოგადოებისა და ეკლესიის სისავსისთვის გვინდა, მაღალყოვლადუსამღვდელოესის, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას შესახებ განვმარტოთ, რომ ის არის ერთ-ერთი გამორჩეული და ნათელი ქრისტიანული ცხოვრებით მოღვაწე მღვდელმთავარი. ის მრავალი წლის განმავლობაში თავდადებულად ემსახურება დედაეკლესიას, თავისი ზნეობრივი ცხოვრებიდან გამომდინარე, არის საქართველოს ეკლესიის ზნეობრივი კომისიის წევრი. მისი როლი ეკლესიის ცხოვრებაში ყოველთვის იყო და არის მნიშვნელოვანი. ღრმად გვწამს, რომ ასევე იქნება მომავალშიც“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი