განცხადებას ავრცელებს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. „ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება მოვლენები საპროტესტო აქციებზე; ხშირად მდგომარეობა ისე იძაბება, რომ შეკრება სხვადასხვა საგნის უმისამართო სროლასა და ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზრდება ხოლმე. ასეთ პირობებში სკოლის მოსწავლეთა და, საერთოდ, არასრულწლოვანთა ჩართვის წაქეზებისკენ მოწოდებული ყოველგვარი განცხადება, მით უმეტეს, ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გამოთქმული, რომელიც, წესით, თავად უნდა ცდილობდეს ხალხში არსებული პოლარიზაციისა და სიძულვილის განეიტრალებას, რათა მიმდინარე მოვლენებისგან მომავალი თაობის ფსიქიკასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას რაიმე ზიანი არ მიადგეს, არის უაღრესად შემაშფოთებელი. ამას ემატება ისიც, რომ ვრცელდება კადრები, თუ როგორ ცდილობენ უცხო ადამიანები სკოლის ადმინისტრაციის წინააღმდეგ წასვლას და შედიან სკოლებში, არღვევენ სასწავლო პროცესს და მოსწავლეებს მიმართავენ მოწოდებებით, რაც იწვევს სამართლიან აღშფოთებას, ყოვლად დაუშვებელია და სასწრაფოდ უნდა შეწყდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქო ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმიანება, თითქოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლაში სწავლა შეწყვეტილია, რასაც აღნიშნული სასწავლო დაწესებულების დირექციაც სოციალურ ქსელში უარყოფს. გარდა ამისა, საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია, „პასუხისმგებლობას მოკლებულია სამართალდამცავების დისკრედიტაციისა
და პოლარიზაციის გამომწვევი დაუსაბუთებელი განცხადება იმის შესახებ, რომ სამართალდამცავები ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არიან. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი სასულიერო პირები ქაშუეთის ტაძარში და მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველ ღამე მორიგეობენ და მსგავსი ფაქტები არასდროს დაუფიქსირებიათ.” – ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.