რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას განცხადება გაავრცელა საპატრიარქომ, რომელმაც მოუწოდა მხარეებს, თავი შეიკავონ აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისგან, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისგან. საპატრიარქო აცხადებს, რომ მიუხედავად მთავრობის წარმომადგენლების განმარტებებისა, როგორც გუშინ, ასევე დღეს, რომ საქართველო არ უხვევს ევროპული კურსიდან და უარს არ ამბობს ევროპულ ფასეულობებზე, საზოგადოების ნაწილისთვის ეს განმარტებები საკმარისი და დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. შედეგად, მშვიდობიანი დემონსტრაცია ნელ-ნელა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისა და აქციის მონაწილეების ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა“, – ნათქვამია განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ მასმედიით გავრცელებულ არაერთ კადრში ჩანს, როგორ დაუპირისპირდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს, როგორ ცდილობდნენ შენობებში შეღწევას და აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას.
„თავის მხრივ, ვიხილეთ აგრესიული ქმედებები სამართალდამცავების მხრიდან. ისინი ფიზიკურად უსწორდებოდნენ პროტესტის მონაწილეებს, სხვადასხვა ასაკის ადამიანებს, მათ შორის, ჟურნალისტებს, რომელთა უპირველესი სამსახურებრივი მოვალეობა სწორედ ფაქტების დაფიქსირება და ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაა“. – ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც საპატრიარქო მშვიდობისა და კეთილგონიერებისკენ მოუწოდებს.