საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ლატვიაში

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ლატვიაში. ლატვიის რესპუბლიკის სეიმთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა, ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის სეიმის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე აინარს ლატკოვსკისის, თავმჯდომარის მოადგილეს ულდის ბუდრიკსა და მეგობრობის ჯგუფის წევრ რაიმონდს ბერგმანისს შეხვდნენ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე. მხარეებმა საქართველოს პარლამენტსა და ლატვიის სეიმს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

შეხვედრის შემდეგ აინარს ლატკოვსკისმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა: „საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის მიზნით, დეპუტატთა ჯგუფი ჩემი ხელმძღვანელობით, დღეს ქართველ პარლამენტარებსა და საქართველო-ლატვიის მეგობრობის ჯგუფის ხელმღვანელს, ბექა ოდიშარიას შეხვდა. განვიხილეთ საქართველოს პროგრესი ნატო-სა და ევროკავშირისკენ. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ლატვიის რესპუბლიკა ორივე ორგანიზაციაში საქართველოს დაშვებას მხარს უჭერს“.