საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე ქართული მხარე საკუთარ მოლოდინს აცნობს ევროპარლამენტარებს.

ქართული დელეგაცია სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას ესწრება. რა კანონპროექტები მიიღეს ევროკომისიის 12 პუნქტის საპასუხოდ ივნისის შემდეგ და რატომ ვერ მოხერხდა საერთაშორისო პარტნიორების მთავარი მოწოდების, ანუ ყველა პოლიტიკური ჯგუფის სამუშაო პროცესში ჩართვა – ინფორმაციას დეპუტატები ევროპელ კოლეგებს პირადად აწვდიან. საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი მწვავე რეზოლუციების ფონზე, ბუნებრივია მსგავსი შეხვედრების მიმართ ინტერესი კიდევ უფრო იზრდება. სესიის დღის წესრიგშია მაისში დაგეგმილი ევროსაბჭოს რეიკიავიკის სამიტიც, რომელზეც ქართული დელეგაცია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის გატანას გეგმავს.