საქართველოს საკითხი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და აგვისტოს ომის 18 წლისთავი განიხილა გაერო-ს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე. დადასტურდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. დისკუსიის ფარგლებში, მოხსენება გააკეთა გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ ახლო აღმოსავლეთის, ევროპის, ამერიკის, აზიისა და ოკეანეთის საკითხებში, მოჰამედ ხალედ ხიარიმ. შეკრებილებს ადგილზე არსებული ვითარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია მიაწოდა. სხდომის დასრულების შემდეგ, უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების – გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ლატვიის, დანიისა და საბერძნეთის, ასევე საბჭოს მომავალი წევრი ქვეყნების – ავსტრიისა და პორტუგალიის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. მათ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დაგმეს გაერო-ს ქარტიის დარღვევით საქართველოში რუსეთის სამხედრო ძალების სასტიკი შეჭრა და განგრძობადი უკანონო სამხედრო ყოფნა, ასევე ეფექტიანი კონტროლის განხორციელება და ორი რეგიონის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის 2026 წლის 9 მაისს გაფორმებული ე.წ. „მოკავშირეობის თანამშრომლობის გაღრმავების“ შეთანხმება. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ: 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრამ აჩვენა რუსეთის უფრო აგრესიული პოლიტიკის დასაწყისი მეზობლების მიმართ. რუსეთი აგრძელებს ამ გზას უკრაინის წინააღმდეგ თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიით და მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებული უპასუხისმგებლო და სახიფათო ქმედებებით.