საქართველოს საგარეო უწყების განცხადება

ქართული მხარისთვის სრულიად მიუღებელია მოსკოვის უკანონო განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელებაზე, საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა”- განცხადება ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ჟენევის მოლაპარაკებების განხილვის მთავარ საკითხებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება, ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესი და ადგილზე არსებული ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა წარმოადგენდა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობა: ოკუპირებული ტერიტორიების გამალებული მილიტარიზაცია, უკანონო სამხედრო წვრთნები და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევები, აგრეთვე საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა.  მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას. ასევე აღინიშნა მომხდარი მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროება. „რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების დესტრუქციული პოზიციის გამო, დისკუსია ვერ შედგა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე – ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე. საკითხის განხილვის დაწყებისთანავე, მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან სცადეს თემის პოლიტიზება და დატოვეს მოლაპარაკებები“,- ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში. ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსეთის საგარეო უწყების პროვოკაციულ განცხადებას საქართველოს პრემიერი გამოეხმაურა.