საქართველოს რადიო 101 წლისაა
საქართველოს რადიოს 101 წელი შეუსრულდა – 1925 წლის 23 მაისს საქართველოში პირველი რადიომაუწყებლობა დაიწყო. შარშან კი საქართველოს რადიოს 100 წლის იუბილე აღინიშნა და მას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მიუხედავად ტექნოლოგიებისა და ციფრული პლატფორმების განვითარებისა, რადიო დღემდე არ კარგავს თავის მსმენელს, ნიშასა და აქტუალობას.
საქართველოს რადიო ერთ-ერთი უძველესი რადიოსადგურია ევროპაში, მისი „ოქროს ფონდი“ ქვეყნის ხმოვანი მატიანეა, რომელშიც უნიკალური, მსოფლიო მნიშვნელობის ჩანაწერები ინახება, მათ შორის, ქართველი და უცხოელი მწერლების, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეების ხმის ჩანაწერები. დღეს საქართველოს რადიოს ორი არხის სიგნალის მიღება მთელი ქვეყნის მასშტაბითაა შესაძლებელი – FM 102.3-ზე, საქართველოს რადიო მუსიკა კი – FM 100.9-ზე მაუწყებლობს.