საქართველოს პრეზიდენტმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა

თავისუფლებაზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსულ აგრესიასა და საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში საჯარო ლექციაზე სტუდენტებთან შეხვედრისას.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს, ევროპული ტიპის პატარა ქვეყანა უწოდა, რომელსაც ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანების დიდი ამბიცია აქვს და ამისათვის ცდილობს განავითაროს დემოკრატია და ეკონომიკა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების დახმარებით.

გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა რუსულ აგრესიაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპაცია 2008 წლამდე ბევრად ადრე დაიწყო და მიმდინარე მოვლენების ფონზე სრული სურათის დანახვა უნდა შევძლოთ.

პრეზიდენტმა სტუდენტებისა და პროფესორების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც საქართველოსა და რუსეთის არაპოლიტიკურ ურთიერთობებს, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას, საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის პოლიტიკას, ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობას და საქართველოს მოლოდინებს შეეხებოდა.