საქართველოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს და გამოთქვამს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას. მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ამ დრომდე არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას საქართველოს მიმართ, რაც ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. „იდენტური მსოფლმხედველობის მიუხედავად, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, საქართველოს მიმართ, სამწუხაროდ, თქვენი ადმინისტრაციის ნაცვლად, კვლავაც აქტიურობს „დიპ სტეიტი“, რომელიც USAID-ის, NED-ის და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ხაზით დამკვიდრებული ტრადიციული უხეში მეთოდების გამოყენებით, ჩვენს ქვეყანაში კვლავაც დესტაბილიზაციის შემოტანასა და მშვიდობის დარღვევას ცდილობს. საბედნიეროდ, „დიპ სტეიტის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხი ერთიანია, როგორც არასდროს, რაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა გასული ოთხი წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს,“ – ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც ხაზგასმულია, რომ დონალდ ტრამპმა უკვე მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა საქართველოს უკლებლივ ყველა მეზობელ ქვეყანასთან – წარმატებით შეუწყო ხელი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, აქტიურად თანამშრომლობს თურქეთის ხელისუფლებასთან და აღადგინა პარტნიორობა ვლადიმერ პუტინთანაც კი. თუმცა, ამ ფონზე მისი ადმინისტრაცია არაფერს ამბობს საქართველოს შესახებ. „ქართველ ხალხში თქვენი პასიურობა აჩენს ეჭვს და კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად თავისუფალი და გულწრფელია თქვენი ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით. ქართული საზოგადოება შეშფოთებულია ომსა და არეულობაზე ორიენტირებული „დიპ სტეიტის“ დომინირებით საქართველოში, რასაც თქვენი ადმინისტრაცია, სამწუხაროდ, პასიურად აკვირდება. ვიტოვებ იმედს, რომ საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაციის დამოკიდებულება შეიცვლება,“ – აღნიშნულია მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილში, რომელიც ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.