საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი მოლდოვაში

12-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვაში პირველად ჩავიდა.

უკრაინაში მიმდინარე ომის და ევროკომისიის გადაწყვეტილების შედეგად ასოცირებული ტრიოს ქვეყნების განცალკევების ფონზე კიშინეუში დღეს გაკეთებულ განცხადებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ექნება თუ არა 2021 წლის ზაფხულში საქართველოში ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე შექმნილ ასოცირებულ ტრიოს მომავალი მას შემდეგ, რაც მოლდოვამ უკრაინასთან ერთად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, საქართველომ კი მხოლოდ ევროპული პერსპექტივა და 12 რეკომენდაცია კანდიდატობის მოსაპოვებლად. მთავარი გზავნილია, რომ ტრიოს ფორმატში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის და სამივე ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე თავისი პირობები უნდა შეასრულოს. ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა ომში მყოფ უკრაინას მკაფიო მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ რუსეთის ოკუპაციის მძიმე შედეგები იყო.