საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი პოლონეთში

რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს პრეზიდენტი ამჯერად ოსვენციმიდან აკრიტიკებს.

პოლონეთში სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი გრძელდება. წმინდა გრიგოლ ფერაძის და ოსვენციმის ბანაკში სასტიკი მეთოდით დახოცილთა ხსოვნის პატივსაცემად დღეს პანაშვიდი გადაიხადეს. მღვდელმოწამე გრიგოლის მოწამეობრივი სიკვდილიდან 80 წლისთავი ორი ქვეყნის ფოსტების ერთობლივი მარკის ხელმოწერის ცერემონიითაც აღნიშნეს. საკმაოდ ემოციური იყო საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. პოლონეთში მდებარე საკონცენტრაციო, იგივე სიკვდილის ბანაკი, რომელიც 77 წლის წინ გათავისუფლდა, სასტიკი მეთოდებით მოკლული 2 მილიონამდე ადამიანის შემზარავ ისტორიებს ინახავს. ოსვენციმის მსხვერპლთა ხსოვნის ცენტრში დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს ცნობილი ქართველი არქიმანდრიტის ისტორიკოსის და მკვლევარის, წმინდა გრიგოლ ფერაძის თავგანწირვა და ღვაწლი, რომელიც ნაცისტების მიერ ნაწამები ტყვეების შეფარების გამო ოსვენციმის ბანაკში მოხვდა და იქვე აღესრულა.

„მოამბე“ ოსვენციმიდან, – პოლონეთში საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრებს და ვიზიტს გიორგი კობერიძე აშუქებს.