საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში

ოფიციალური ვიზიტი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში.

საქართველოს პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიწვევით თურქეთში იმყოფება. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერებს პირისპირ შეხვედრა გაიმართა. თურქეთისა და საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა შუა დერეფანი იყო. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა იმ სტრატეგიულ პროექტებს, რომლებიც ორი ქვეყნის მონაწილეობით განხორციელდა. იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. განხილვის თემა იყო სამხრეთ კავკასიაში შეცვლილი რეალობა და რამდენიმე დღის წინ ამერიკის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმება – შეხვედრის დასასრულს მიხეილ ყაველაშვილმა ერდოღანი 4 სექტემბერს თბილისში საქართველო თურქეთის საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად მოიწვია.