საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას პასუხობს. ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საკითხთან დაკავშირებით, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული კომენტარები და ყოვლად უსაფუძვლო დასკვნები სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და პოლიტიკური პოლარიზაციის მეტად გაღრმავების მცდელობა. „ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის პარლამენტისთვის არწარდგენა კატეგორიულად გამორიცხავს ბატონი გიორგი კალანდარიშვილის პროფესიონალიზმის, მისი გამოცდილებისა და საქმიანობის პრეზიდენტის მიერ არაჯეროვნად შეფასებას.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, პრეზიდენტმა გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა ორჯერ უკვე წარუდგინა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად. თუმცა, მისმა კანდიდატურამ ორჯერვე ვერ მოიპოვა საჭირო ხმების რაოდენობა, შედეგად ორჯერვე მხოლოდ ექვსი თვის ვადით იქნა არჩეული. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს პროცესში ახალი პროფესიონალების ჩართულობის ხელშეწყობას,“ – ნათქვამია განცხადებაში.