საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს გენმდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, ნატო-ს ბრიუსელის სამიტის ფარგლებში დღევანდელი შეხვედრები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრით დაიწყო.

გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და იმ პროგრესზე ისაუბრა, რასაც არსებული მდგომარეობით საქართველომ მიაღწია.

მარგველაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას რუსეთის ანექსიურ პოლიტიკასა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველო უკვე ნატო-სთან თავსებადი, პასუხისმგებლიანი პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს ნატო-ს ღირებულებებსა და პასუხისმგებლობებს, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში და შესაბამისად ემზადება ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრობისთვის.

როგორც სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველო უცილებლად გახდება ნატო-ს წევრი და ქვეყანას აქვს ყველა ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მოემზადოს წევრობისთვის.