საქართველოს პრეზიდენტი ლიტვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოში ლიტვის პრემიერ-მინისტრი იმყოფება.

საულიუს სკვერნელისი საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო. მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები.

შეხვედრისას ხაზი გაესვა ევროკავშირისა და ნატო-ს ფორმატებში საქართველო – ლიტვის თანამშრომლობას. მხარეებმა განიხილეს ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები.

მანამდე კი, ლიტველ კოლეგას გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, ეკონომიკური კავშირების გაფართოებასა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.

ლიტვის პრემიერმა ქვეყნის ევროინტეგრაციას მხარი დაუჭირა და რუსული ოკუპაცია გააპროტესტა.