საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კატარში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კატარში მაღალი დონის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის შეხვდა. მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ თანამშრომლობის გაღრმავება ორივე ქვეყნის ეკონომიკური დიპლომატიის დღის წესრიგის პრიორიტეტია. გამოითქვა არსებული ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაღრმავებისა და გაძლიერების მზადყოფნა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მიესალმება ქვეყანაში კატარელი ბიზნესმენების მხრიდან სხვადასხვა სფეროში ინვესტირებას. შეხვედრის შესახებ პრემიერმა „ტვიტერზეც“ დაწერა. „ნაყოფიერი საუბარი მქონდა კატარის სახელმწიფოს ემირთან შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანისთან. შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები და საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები. კატარის სახელმწიფოსთან ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერება უდიდესი მნიშვნელობის არის საქართველოსთვის ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის ახალი სამიზნე ორიენტირების მიღწევის კონტექსტში“, – აღნიშნავს პრემიერი.